“ლაბირინთი. თეზევსის გმირობები” წარმოადგენს საოცრად საინტერესო მულტფილმს, რომელიც შექმნილია ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე საბჭოთა ანიმატორების მიერ. ამ ნახატ ფილმში თქვენ იხილავთ თეზევსის მთავარ გმირობას, როცა მარტომ დაამარცხა საშინელი მინოტავრი.

მწარმოებელი: Союзмультфильм

ქვეყანა: სსრკ

წელი: 1971

რეჟსორი: ალექსანდრა სნეჟკო–ბლოცკაია

როლებს ახმოვანებდნენ: ალეკსეი კონსოვსკი, ალექსანდრ გრავე, იაკობ ბელენკი, ანატოლი პაპანოვი, ნატალია კუნსტინსკაია, სოფია ზაიკოვა, ლევ ფრიჩინსკი.

 

12212566_998731266853983_1527219432_n

ანოტაცია: ათენის მეფემ ეგეოსმა გამოჩენილ კენტავრ ქირონს, რომელმაც მრავალი გმირი აღზარდა, სასწავლებლად თავისი ძე – თეზევსი მიაბარა. გავიდა დრო, მრავალმა წყალმა ჩაიარა პატარა ბიჭი გაიზარდა და მეომარ ჭაბუკად იქცა. მოვიდა ჟამი შინ დაბრუნებისა, მოსწავლე დაემშვიდობა მასწავლებელს და გაუდგა გზას, რომელიც ფათერაკებით იყო სავსე.

მშობლიური ათენისკენ მიმავალი გზა იყო დიდი და ხიფათიანი. თეზევსი ჯერ გადაეყარა ველურ ტახს, რომელიც აწიოკებდა და აოხრებდა არემარეს, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ იგი შეხვდა ავაზაკ პროკრუსტეს. ეს უკანასკნელი მზაკვრულად იტყუებდა გამვლელებს თავის სახლში და იქ ძარცვავდა მათ, შემდეგ კი კლავდა. იგივე ბედი ელოდა გმირ ჭაბუკსაც, მაგრამ თეზევსი მიხვდა მის განზრახვას და თვითონ მოკლა იგი.

შინ მისულ ათენში თეზევსი დაინახავს შავ აფრებიან ხომალდს, რომელზეც იმყოფებოდნენ შვიდი მშვენიერი ქალიშვილი და შვიდი ლამაზი ყმაწვილი, ხოლო ნაპირზე იდგნენ მგლოვიარე მათი მშობლები. დანახული ძლიერ გააკვირვებს ჭაბუკს. იგი გაიკითხავს იქ მყოფ ხალხში, თუ რაშია საქმე და გაარკვევს, რომ ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ ათენელები იძულებულები არიან კრიტის მეფე მინოსს გაუგზავნონ თავიანთი შვილები ხარკის სახით, რათა ლაბირინთში მცხოვრებმა მინოტავრმა შეჭამოს ისინი. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თეზევსი გადაწყვეტს თვითონ წავიდეს კუნძულ კრეტაზე და დაამარცხოს უჩხული მინოტავრი.

ლაბირინთი

განსხვავებები მითისაგან

  • მულტფილმი მითისაგან განსხვავდება იმით, რომ იგი შემოკლებულია. წარმოდგენილ სურათში არ გვევლინებიან შემდეგი პერსონაჟები: ჰეფესტოს შვილი გოლიათი პერიფეტი, ფიჭვების დამწვენი სინიდი, სკირონი და კერკიონი. აქ ასევე ამოღებულია ეპიზოდი, როდესაც მედეა ცდილობს თეზევსის მოწამვლას.
  • მულტფილმში ფიგურირებს ტახი, ხოლო მითში გარეული ღორი.
  • მულტფილმში პროკრუსტე  საკუთარი სახელია. მითში კი ეს მეტსახელია, რაც “გამწელავს” ნიშნავს, ხოლი პერსონაჟს ნამდვილი სახელი “დამასტი” ერქვა.
  • მულტფილმში თეზევსი პროკრუსტეს თავს აჭრის, ხოლო მითში ტოვებს მისსავე სარეცელზე დაჭრილს, რათა სისხლისგან დაცლილიყო.
  • მულტფილმში დიონისე იტაცებს არიადნეს პირდაპირ გემიდან, ხოლო მითში თეზევსი დიონისეს თხოვნით ტოვებს არიადნეს კუნძულზე.
  • მულტფილმში თეთრი იალქანი დაიკარგა ქარიშხლის დროს, ხოლო მითში თეზევსს დარდისგან ავიწყდება იალქნის შეცვლა.  მისი სატრფო ხომ დიონისესთან უნდა დარჩენილიყო  და  მისი ცოლი უნდა გამხდარიყო.

/თეიმურაზ მელიქიშვილი/

Advertisements